საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH)

 

განხორციელების ვადები: 2016-2020

 

2016 წელს ნორვეგიული ფონდის განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (SIU) ევრაზიასთან თანამშრომლობის პროგრამაზე აპლიკაციის მიღების პერიოდში წარდგენილი 37 განაცხადიდან შეირჩა 13 საუკეთესო პროექტი, მათ შორის CPEA-2015/10057 პროექტი „საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH); პროექტის ხანგრძლივობა – 4 წელი. პროექტის კოორდინატორი ინსტიტუცია ნორვეგიაში არის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი (კოორდინატორი – ერიკ ანდა), ხოლო საქართველოში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (ქვეყნის კოორდინატორი – პროფესორი ნინო ჩიხლაძე)

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), საქართველოს უნივერსიტეტი (UG), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), კონსულტირება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციები (CiTi).

ევრაზიის პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია თანამშრომელ ქვეყნებში, უშუალოდ პროექტი კი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიის სფეროში არსებული ცოდნის ტრანსფერს ნორვეგიიდან საქართველოში და გამოცდილების გაზიარებას პრაქტიკასა და განათლებაში.

პროექტი ოფიციალურად გაიხსნა 2016 წლის 4 აპრილს კონფერენციით, რომელსაც ესწრებოდა 75-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მზადდება ორი დოქტორანტი, რომლებიც შეიძენენ რეგისტრებზე დაფუძნებული კვლევების წარმოების ცოდნას და გამოცდილებას და დაასრულებენ სადოქტორო პროგრამას პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორივე ქვეყანაში, საქართველოსა და ნორვეგიაში.

პროექტის პირველხარისხოვან ამოცანად განისაზღვრა ახალი, საერთაშორისო, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარება საქართველოში, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა რეგისტრებისა და მოსახლეობის კვლევის ეპიდემიოლოგიაზე. ახალ ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობა დაიწყო 2016 წლიდან ტრომსოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით, ჩამოყალიბდა დარგობრივი კომიტეტი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. პროგრამის შემუშავების პროცესში გამოყენებულ იქნა ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილება, ასევე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტები მაგისტრატურაში სწავლებისათვის, ევროპული კომპეტენციები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სამაგისტრო განათლებისათვის, თუნინგის გაიდლაინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში კომპეტენციების განვითარებისათვის. 2016 წლის 18 ნოემბერს ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა დამტკიცდა ფაკულტეტის საბჭოზე, 2017 წლის 10 თებერვალს თსუ-ის აკადემიურ საბჭოზე. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამის შეფასება განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით 2017 წლის ოქტომბერში და პროგრამა შეფასდა ყველა სტანდარტში სრული შესაბამისობით.  ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვან პროგრამაზე სტუდენტთა პირველი მიღება განხორციელდა 2018 წელს.

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ 2017 წელს ახალი სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბების ეტაპების შესახებ მოხსენება წარდგენილ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპული ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ხოლო სტატია გამოქვეყნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპულ ჟურნალში.

პროექტის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა და მათ შორის გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისათვის პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკა ხელს უწყობს არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი კომპეტენციების შესაბამისობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის მომზადდა სპეციალური კურსი „რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგია“, ამ მიმართულებით ცოდნის მიღება და კომპეტენციის გამომუშავება დოქტორანტებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ამოქმედდა ჯანმრთელობის ეროვნული რეგისტრებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ხანმოკლე და ხანგრძლივი მობილობა, მათ შორის ინდივიდუალური კურსებისათვის, ერთობლივი კურსებისა და სტუდენტების მიერ წარმოებული კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობისათვის.